English / ქართული /








Journal number 1 ∘ Miron Tugushi
For the Regulation of Illegal Street Trading in Tbilisi

From the end of the last century in Tbilisi, due to high unemployment, one part of population began illegal street trading; over time its scope gradually expanded and at present it is formed as a serious problem. Although illicit street trading is some alternative source of income for a small number of populayion, its negative consequences are significantly serious. These are: Selling of food products - meat, milk, fish, cheese, sour cream, etc. in the street, in the open air, without meeting the basic sanitary and hygienic conditions; dreadful unsanitary conditions in respective territories; sharp worsening of population’s living conditions due to the noise, difficulties of people’s movement and insanitariness in these territories; street markets and incomes reduction of those employed in them; extreme distortion of the city’s appearance, etc. 

Illegal street trading in Tbilisi and in the territories adjacent to the Navtlugi Agrarian Market must be ended because of its negative consequences, but without taking into account street vendors considerations and proposals, without violent action against them. At the end of the article there are suggestions and recommendations; after their implementation, according to the author, it will be possible to end the illegal street trading in Tbilisi and restore lawfulness in this sphere.

Keywords: employment, self-employment, unemployment, legal street trading, illegal street trading, regulation rule of street trading.

JEL Codes: F10, F14, F19

საქართველოში საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრების საწყისი ეტაპიდანვე ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში მიმდინარე ნეგატიური პროცესებით განპირობებულმა უმუშევრობის სწრაფი ტემპებით ზრდამ და, შესაბამისად, შემოსავლების მკვეთრად შემცირებამ, მოსახლეობის დიდი ნაწილი აიძულა გამოეძებნა დასაქმების ალტერნატიული გზები. იმის გამო, რომ სხვა გამოსავალი ვერაფერი იპოვა, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა შიმშილით სიკვდილისაგან თავის დაღწევის მიზნით, თვითნებურად, ქუჩაში ვაჭრობა დაიწყო, რაც მცირე შემოსავლების მიღების წყარო გახდა.

თავიდან გარე მოვაჭრეებმა ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრების მიმდებარე ტერიტორიები დაიკავეს, შემდეგ კი ქალაქის ქუჩებშიც გამოჩდნენ. ამჟამად, მიუხედავად აკრძალვისა, უკანონო (სტიქიური, თვითნებური) გარე ვაჭრობა თბილისისათვის (ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებისა თუ რაიონული ცენტრებისათვის) სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც დროულად უნდა გადაიჭრას. ამისათვის აუცილებელია მისი სისტემური შესწავლა და კომპლექსური ღონისძიებების გატარება. ამ მხრივ საინტერესოა ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილება, რომელიც კანონიერი გარე ვაჭრობის ორგანიზების საინტერესო ფორმებს გვთავაზობს. ქალაქ თბილისის ხელისუფლებამ (მერიამ, საკრებულომ) უნდა სრულყოს შესაბამისი კანონმდებლობა, უკანონო გარე მოვაჭრეთა დასაბუთებული მოსაზრებების გათვალისწინებით გამონახოს მათი ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობები, გზები და საშუალებები.

საკვანძო სიტყვები: დასაქმება, თვითდასაქმება. უმუშევრობ.; კანონიერი გარე ვაჭრობა. უკანონო გარე ვაჭრობა. გარე ვაჭრობის რეგულირების წესი.

მოკლედ კანონიერი და უკანონო გარე ვაჭრობის შესახებ. მთელ ცივილიზებულ სამყაროში გარე ვაჭრობა არათუ დაშვებულია, არამედ წახალისებულიცაა. სპეციალურად დამზადებულ ჯიხურებში (რიგ შემთხვევაში, დღესასწაულებზე, ბაზრობებზე და ა.შ. ღია ცის ქვეშაც), სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების, ამ სახეობის ვაჭრობის ნორმებისა და წესების დაცვის შემთხვევაში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეთანხმებულ ადგილებში, როგორც სასურსათო, ასევე არასასურსათო საქონლით გარე ვაჭრობა მოსახლეობის მოწონებას იმსახურებს და მათი მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოში კანონით განსაზღვრულია გარე ვაჭრობის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.1 საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით [1], „გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირებისო უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტებზეა დელეგირებული [1, მუხლი 16, პ. „მ”]. ამიტომ, საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ მიღებულია შესაბამისი დადგენილებები (მაგალითად, იხილეთ ქ. ქუთაისისა და ქ. ბათუმის საკრებულოების დადგენილებები) [4,5]. ასეა ქ.თბილისშიც. ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-89 დადგენილებაში ჩამოყალიბებულია ჩვენს დედაქალაქში გარე ვაჭრობის (მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც) სწორად ორგანიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებები [3]. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისის საკრებულოს ზემოაღნიშნული დადგენილება დიდ ნაწილში არ სრულდება. კერძოდ, ქალაქის ქუჩებში და ტროტუარებზე უკანონო გარე ვაჭრობამ ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ არსებული ფორმით მისი შენარჩუნება წარმოუდგენელია. ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა თბილისის ქუჩებსა და ტროტუარებზე, განსაკუთრებით კი ბაზრების, მათ შორის ნავთლუღის ბაზრის (რომელიც ჩვენი ათწლიანი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს) მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის გამო შექმნილი მდგომარეობა.

უკანონო გარე ვაჭრობის, როგორც უმწვავესი პრობლემის ზოგადი შეფასება

აღნიშნული პრობლემის სიმწვავე განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. Pროგორც აღვნიშნეთ, გარე მოვაჭრეების აბსოლუტური უმრავლესობა ქუჩაში სავაჭროდ გასულია მასობრივი უმუშევრობის პირობებში, საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების ფიზიკური არსებობის შენარჩუნების მიზნით. ისინი, ქარში, ავდარში, ყინვასა თუ აუტანელ სიცხეში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ჯოჯოხეთურ სამუშაოებს ასრულებენ იმისათვის, რომ დაიკმაყოფილონ ელემენტარული საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებები.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ უკანონო გარე მოვაჭრეები, ყოველგვარი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ღია ცის ქვეშ ვაჭრობენ კვების ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა: პირუტყვისა და ფრინველის ხორცი, თევზი, ყველი, არაჟანი და ა.შ., რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის მეტად საშიშია.

უკანონო გარე ვაჭრობის გამო, ქალაქის ქუჩებსა და ტროტუარებზე ვერ ხერხდება სისუფთავის შენარჩუნება, გაჩნდა ანტისანიტარიის კერები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას, არა მხოლოდ დისკომფორტს უქმნის, არამედ მეტად საშიშია მათი ჯანმრთელობისათვის. აღარაფერს ვამბობთ იმ უარყოფით ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე, რომელიც უცხოელ ტურისტებს თუ ქალაქის სტუმრებს ყოველდღიურად ექმნებათ.

ქუჩებსა და ტროტუარებზე არაორგანიზებული გარე ვაჭრობა აუტანელს ხდის მიმდებარე შენობებში მცხოვრები მოსახლეობის ყოფაცხოვრებას. მათ უჭირთ გადაადგილება, სადარბაზოებში შესვლა და გამოსვლა, აღიზიანებთ მოვაჭრეების ხმაური, ანტისანიტარია და ა.შ.

უკანონო გარე ვაჭრობის გამო, აგრარულ ბაზრებში კანონიერად მოვაჭრეთა საქმიანობის ეფექტიანობა მკვეთრად შემცირებულია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ყოველგვარ აზრს მოკლებულიც, რადგან მომხმარებელი მისთვის სასურველ პროდუქტს ქუჩაში ყიდულობს და ბაზარში აღარ შედის. ამიტომ, აგრარულ ბაზრებში მოვაჭრეები ამ მხრივ შექმნილ მდგომარეობას ხშირად აპროტესტებენ (არცთუ იშვიათია გზების გადაკეტვის შემთხვევები და ა.შ.). თუმცა, ჯერჯერობით მათი პროტესტი უშედეგოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ უკანონო გარე ვაჭრობა სერიოზული პრობლემაა და გონივრულ რეგულირებას საჭიროებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ პრობლემის სიმწვავე, ძირითადად, მაღალი უმუშევრობით არის განპირობებული. ამიტომ, მისი მხოლოდ იძულებითი მეთოდების გამოყენებით გადაჭრა, ანუ უკანონო გარე მოვაჭრეებისათვის დასაქმების ალტერნატიული ვარიანტების შეუთავაზებლად, კანონიერების აღდგენა, გამართლებული ვერ იქნება.

უკანონონო (სტიქიური, თვითნებური) გარე ვაჭრობის განმაპირობებელი მიზეზები

როგორც აღვნიშნეთ, უკანონო გარე ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მაღალი უმუშევრობაა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2016 წლის დასაწყისისათვის, საქართველოში, უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელმა 12% შეადგინა, რაც მაღალი მაჩვენებელია, თუმცა, ამ მხრივ, საქართველოში, მთელ რიგ ქვეყნებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა. მაგალითად, იმავე პერიოდში ამ მაჩვენებელმა მაკედონიაში 25,3% შეადგინა, საბერძნეთში – 24,9, ესპანეთში – 23,0, სომხეთში – 18, ხორვატიაში 17% და ა.შ.). ,,საქსტა- ტისო მონაცემებით, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილის- ში – 21,4%. Fფაქტია, რომ ამჟამად, საქართველოს დედაქალაქში დასაქმების მწირი შესაძლებლობები არსებობს (რამდენიმე ათეული წლის წინ პირიქით იყო), რამაც უკანონო გარე ვაჭრობას ერთგვარი ბიძგი მისცა.

საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში უკანონო გარე ვაჭრობის არეალის გაფართოება ძირითადად XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, რაც წლების განმავლობაში ქალაქის ხელმძღვანელობის არათანმიმდევრული პოლიტიკის (ვერანაირად ვერ მოხერხდა უკანონო გარე მოვაჭრეთა ძირითადი ნაწილის აგრარულ ბაზრებში შეყვანა ან მათთვის ალტერნატიული სამუშაოების შეთავაზება. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას არ სურდა უკანონო გარე მოვაჭრეების, როგორც ამომრჩევლების განაწყენება და ა.შ.). მოწოდებებით და არა რეალური საქმით, ეპიზოდურად პოლიციის ჩართულობით (რეიდებით) ხელისუფლება ცდილობდა შეემცირებინა უკანონო გარე ვაჭრობის მასშტაბები, თუმცა, მათი მხრიდან აღნიშნული რთული პროცესის დარეგულირების ყველა მცდელობა ამ სახეობის მოვაჭრეების მკვეთრ რეაქციას იწვევდა (ხშირი იყო გზების გადაკეტვები, ფიზიკური შეხლა-შემოხლაც) და მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა.

2006 წლის 29 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული №4-27 გადაწყვეტილებით, ქალაქის ქუჩებში, ტროტუარებსა და მოედნებზე, ასევე, დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული და არასტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა უკანონო გარე ვაჭრობად ჩაითვალა და აიკრძალა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გათვალის- წინებულ იქნა საჯარიმო სანქციები[2]. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 1536 მუხლში – „ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვების გარეშე“, გათვალისწინებულია:

„1. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციითო.

თუ მხედველობაში არ მივიღებთ უკანონო გარე მოვაჭრეების დაჯარიმების ერთეულ ფაქტებს, შეიძლება ითქვას, რომ კანონის ეს მოთხოვნა ვერ შესრულდა. როგორც აღვნიშნეთ, უკანონო გარე მოვაჭრეების მიერ აქტიური პროტესტის გამოხატვის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები მათ აღარ უპირისპირდებოდნენ. მართალია, გარე ვაჭრობა უკანონო ქმედებად ითვლებოდა, მაგრამ აღარ ისჯებოდა. 2010 წელს ქალაქის ხელისუფლება ამ მიმართულებით კვლავ შეეცადა გაეაქტიურებინა საქმიანობა, მაგრამ პრობლემის გადაჭრა კვლავაც ვერ მოხერხდა.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ,,მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებების“ (მუხლი 16) განსაზღვრის შემდეგ ქალაქ თბილისშიც მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება. კერძოდ, გარე ვაჭრობის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-89 დადგენილებაში აღნიშნულია, რომ:  გარე ვაჭრობის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-89 დადგენილებაში აღნიშნულია, რომ: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.

2. მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციო- ნარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

3. საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.

4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით რეგულირდება გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობა და ამისათვის განსახორციელებელი საჭირო ღონისძიებები.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული დადგენილების თითქმის ყველა მუხლი დღემდე შეუსრულებელია. თბილისში ზუსტად არ არის განსაზღ-ვრული გარე ვაჭრობის წესები, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები და ამ ადგილებით სარგებლობის პირობები, სარეალიზაციოდ დაშვებული სა- ქონლის ნომენკლატურა და ა. შ. არ არის გამორიცხული, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულმა, თბილისში, შეიძლება გარკვეულად კიდეც წაახალისა უკანონო გარე ვაჭრობა. ფაქტია, რომ ქალაქის ხელისუფლების შესაბამისმა სამსახურებმა უკანონო გარე მოვაჭრეებთან დღემდე ვერ დაამყარა ეფექტიანი კომუნიკაცია, მათ უკანონო გარე მოვაჭრეებს ვერ შესთავაზეს დასაქმების ალტერნატიული ვარიანტები, ხელისუფლებამ უკანონო გარე ვაჭრობის აღკვეთის მიზნით ვერ შეიმუშავა და ვერ განახორციელა თანმიმდევრული, პრინციპული პოლიტიკა და შედეგიც სახეზეა – თბილისში უკანონო გარე ვაჭრობის არეალი არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც.

 ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია – უკანონო გარე ვაჭრობის უმძიმესი კერა

თბილისში უკანონო გარე ვაჭრობის მრავალი მძიმე კერაა. აგრარული ბაზრებისა თუ ბაზრობების, პარკებისა და სკვერების, მეტროს სადგურების მიმდებარე ტერიტორიები, პერიფერიული ქუჩები და ტროტუარები, მცირე გამონაკლისის გარდა, უკანონო გარე ვაჭრობის ადგილებად გადაიქცა. ამ მხრივ სერიოზულადაა დაზიანებული ე.წ. „დეზერტირების“, ნავთლუღის, გლდანის, ვარკეთილის ბაზრების მიმდებარე და სხვა ტერიტორიები, მაგრამ, ამ მხრივ, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაშია.

უკანონო გარე მოვაჭრეთა გავრცელების არეალის მიხედვით, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიად, პირობითად, შეიძლება ჩაითვალოს მეველეს ქუჩის (რომელზეც ტრადიციული ნავთლუღის აგრარული ბაზარი მდებარეობს) დაახლოებით ნახევარი, ქეთევან წამებულის გამზირის ბოლოს და მოსკოვის გამზირის დასაწყისში, ორივე მხარეს, განთავსებული შენობა-ნაგებობების მიმდებარე ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ საკვლევ პრობლემასთან მიმართებით თბილისის ეს ძველი უბანი ყურადღებას იმსახურებს რამდენიმე ფაქტორის გამო:

პირველი, დაახლოებით ოცდახუთიოდე წლის წინათ, თუ ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი საკოლმეურნეო ბაზარი იყო, დღეს იმავე ტერიტორიაზე 5 ბაზარი (საბითუმო და საცალო) ფუნქციონირებს და დიდი რაოდენობის მოვაჭრესა და მომხმარებელს იზიდავს (თბილისელებთან ერთად მიმდებარე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მოვაჭრეებსა და მაცხოვრებლებსაც);

მეორე, ნავთლუღის  აგრარული  ბაზრის  მიმდებარე  ტერიტორია მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს, სადაც თავს იყრის სხვადასხვა ინტესივობისა და მიმართულების სატრანსპორტო ნაკადები, რის გამოც აღნიშნული ბაზრის ტერიტორია, განსაკუთრებით ე.წ. ,,პიკის" საათებში, თითქმის გაუვალი ხდება.

აღსანიშნავია, რომ ნავთლუღის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი მეველეს ქუჩაზე, რომლის სიგანე 20 მეტრსაც კი აღემატება, მოძრაობა მეტად გართულებულია. მიუხდავად იმისა, რომ ამ ქუჩაზე დაწესებულია ავტომანქანების ცალმხრივი მოძრაობა და საპატრულო სამსახურის გაძლიერებული კონტროლი, უკანონო გარე მოვაჭრეთა ღია დახლებისა და დახლებად გამოყენებული ავტომანქანების გამო, მაინც იქმნება საცობები და არამხოლოდ ავტომანქანით, არამედ ფეხით მოსიარულეებსაც კი არ ეძლევათ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. უკანონო გარე მოვაჭრეების მიერ ქუჩის ორივე მხარეს არსებული ტროტუარების დაკავების გამო, მოსახლეობა იძულებულია გადაადგილდეს ქუჩის იმ ნაწილზე, რომელიც განკუთვნილია ავტომანქანების სამოძრაოდ, რაც დისკომფორტთან ერთად, სახიფათოცაა.

ქეთევან წამებულისა და მოსკოვის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთებზე, მეტროს სადგურ „სამგორის“ ორივე ამოსასვლელს შორის ტროტუარებზე განლაგებულია ზოგან ფიცრის, ზოგან კი პლასტმასის ყუთებისაგან სახელდახელოდ მოწყობილი უსახური დახლები, რომლებზეც, ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვის გარეშე, ვაჭრობენ ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა: პირუტყვის, ღორისა და ფრინველის ხორცი, ყველი, არაჟანი, ხაჭო, თევზი და ა.შ. ხილითა და ბოსტნეულით მოვაჭრეთა ე.წ. ,,ბრეზენტის ქსოვილგადაფარებული კუსტარული დახლების უმრავლესობა ღამითაც კი შენარჩუნებულია. ასეთი ,,მუდმივმოქმედი დახლების ქვეშ თვეობით გროვდება დიდძალი საყოფაცხოვრებო ნარჩენები (ნაგავი), რომლის გატანა ვერ ხერხდება. ამასთან, მეველეს ქუჩაზე დაყენებულია უკანონო გარე მოვაჭრეების საბურავებდაშვებული (ზოგიერთ შემთხვევაში საბურავებმოხსნილი და ცემენტის ბლოკებზე დაყენებული) მიკრო სატვირთო ავტომანქანები, რომელთა ქვეშ ასევე გროვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლის გატანას ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ უკანონო გარე მოვაჭრეების ნაწილი ქუჩებსა და ტროტუარებზე ყრის გაფუჭებული პროდუქტების ნარჩენებს, აგრეთვე, დახეულ ტომრებს, ქაღალდებსა და ცელოფნებს, რომლებიც ქარიან ამინდში მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მცენარეების ტოტებს შორის იბლანდება და თვეობით რჩება, რადგან ხეებიდან მათი სპეციალური ტექნიკის გარეშე მოცილება თითქმის შეუძლებელია.

ნავთლუღის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარე ვაჭრობით გამოწვეული ხმაურის, ანტისანიტარიის, გადაადგილების შესაძლებლობების მკვეთრად შეზღუდვის გამო, გაუსაძლის მდგომარეობაშია ამავე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელმაც, სხვადასხვა ფორმით, არაერთხელ გამოთქვა მწვავე პროტესტი და დედაქალაქის ხელისუფლებას დახმარება სთხოვა, რამაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.

აღსანიშნავია, რომ უკანონო გარე ვაჭრობა მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის უშუალოდ ნავთლუღის აგრარული ბაზრისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრებში დასაქმულებს, რომლებიც, ყოველდღიურად, ვაჭრობის საფასურს იხდიან. უკანონო გარე ვაჭრობის გამო მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს აგრარული ბაზრების მომსახურებით, რის გამოც მკვეთრად შემცირდა როგორც ბაზრების, ასევე იქ დასაქმებულთა შემოსავლები. ამიტომაა, რომ ბაზრებში დასაქმებულები ხშირად აპროტესტებენ ამ მიმართებით ხელისუფლების უმოქმედობას და უკანონო გარე ვაჭრობის რეალურად (და არა სიტყვიერი შეპირებებით) აკრძალვას მოითხოვენ. ბაზრების მოვაჭრეებმა მიმდინარე წლის 23 იანვარს თითქმის 30 წუთით გადაკეტეს ქეთევან წამებულის გამზირი და კიდევ ერთხელ გამოთქვეს პროტესტი შექმნილი მდგომარეობის გამო.

თბილისში ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარე მოვაჭრეების საქმიანობაზე დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად ასეთ პირობებში, არანორმირებული დროით და ინტენსივობით საქმიანობა მათ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ამას ადასტურებს განსაკუთრებით ზაფხულობით, თითქმის ყოველდღიურად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მრავალი შემთხვევა. აქ, არცთუ იშვიათად, შეხვდებით არტერიული წნევის აპარატით მოსიარულე ადამიანებს, რომლებიც გარე მოვაჭრეებს ადგილზევე უწევენ სამედიცინო დახმარებას (უზომავენ არტერიული წნევას, ურჩევენ რა სახეობის წამლები მიიღონ და ა.შ.), რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ უკანონო გარე მოვაჭრეთა რთული და მრავალასპექტიანი პრობლემა დროულად უნდა გადაიჭრას.

ყოველივე ზემაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება გავაკეთოთ რამდენიმე დასკვნა:

1. ნავთლუღის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარე ვაჭრობის გამო შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა, მისი მკვეთრად ნეგატიური შედეგები გამონაკლისი არაა და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის იგივე მდგომარეობაა თბილისის სხვა ბაზრებისა თუ ბაზრობების, პერიფერიაში არსებული ქუჩებისა თუ სკვერების მიმდებარე ტერიტორიებზე;

2. მეტად საყურადღებოა თბილისში, მათ შორის ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარე ვაჭრობის ნეგატიურ შედეგები: ა) კვების პროდუქტების – ხორცისა და ხორცის პროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების, თევზის, ყველის, არაჟანის და ა.შ. ქუჩაში, ღია ცის ქვეშ, ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაუცველად გაყიდვა მეტად საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისათვის; ბ) ქალაქში უკანონო გარე ვაჭრობის გამო შესაბამის ტერიტორიებზე იქმნება მეტად მძიმე ანტისანიტარიული მდგომარეობა;  გ) ხმაურის, გადაადგილების გართულების და ანტისანიტარიის გამო ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ყოფაცხოვრების პირობები მკვეთრად გაუარესდა; დ) მნიშვნელოვნად შემცირდა ბაზრების, ბაზრობების და ასევე, იქ დასაქმებულთა შემოსავლები; ე) უკანონო გარე ვაჭრობის გამო, უკიდურესად დამახინჯდა ქალაქის იერსახე, რაც კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქისათვის, როგორიცაა თბილისი;

3. თბილისში, მათ შორის ნავთლუღის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარე ვაჭრობა, მისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების გამო, აუცილებლად უნდა დასრულდეს (ანუ კანონი უნდა აღსრულდეს). მაგრამ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს უკანონო გარე მოვაჭრეების მოსაზრებების, წინადადებების გაუთვალისწინებლად, მათ მიმართ მხოლოდ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით. ვფიქრობთ, უკანონო გარე მოვაჭრეთა უმრავლესობას კარგად აქვს გაცნობიერებული ის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ქალაქის ხელისუფლებისაგან თუ იქნება ისეთი შეთავაზებები, რომლებიც მათ შემოსავლის წყაროს გაუჩენს, ვფიქრობთ, რომ პრობლემა გადაიჭრება;

4. ქალაქის ხელისუფლებამ, შესაბამისმა სამსახურებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ უკანონო გარე მოვაჭრეების უმრავლესობა ქუჩაში მაღალმა უმუშევრობამ, გაუსაძლისმა ყოფითმა პრობლებემებმა გაიყვანა. ამიტომ, მათ ყველაფერი უნდა იღონონ იმისათვის, რომ უკანონო გარე მოვაჭრეები უმუშევრები და სოციალურად დაუცველები გახდნენ. კანონიერი გარე ვაჭრობის შესანიშნავი გამოცდილება აქვთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს (რომლის შესახებ ინფორმაცია ქართულ პრესაშიც არაერთხელ გამოქვეყნდა), რომელიც აუცილებლად უნდა გავიზიაროთ;

5. იმისათვის, რომ თბილისში, მათ შორის ნავთლუღის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარე ვაჭრობა აღმოიფხვრას, ჩვენი აზრით, აუცილებელია ქალაქის ხელისუფლების (საკრებულომ, მერიამ, რაიონულმა გამგეობებმა) შესაბამისმა სამსახურებმა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისტემური მიდგომის გამოყენებით შეიმუშავებს თბილისში (მის რაიონებში) უკანონო გარე ვაჭრობის დასრულების კომპლექსურ პროგრამას, რომელშიც, უკანონო გარე მოვაჭრეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, უნდა აისახოს ამ ნეგატიური პროცესისაგან თავის დაღწევის აუცილებელი ღონისძიებები, მათი რეალიზაციის გზები და საშუალებები. აღნიშნულ პროგრამაში ერთმნიშვნელოვნად უნდა გაცხადდეს, რომ მისი ძირითადი მიზანია თბილისში უკანონო გარე ვაჭრობის დასრულება და ამ მხრივ არანაირი კომპრომისი არ იქნება. კომპრომისებზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება უკანონო გარე მოვაჭრეთა დასაქმების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების ძიების პროცესში, მაგრამ მათ მიერ დაყენებული მოთხოვნები გონივრულ ფარგლებს არ უნდა გასცდეს;

6. უკანონო გარე მოვაჭრეებზე ჩვენი დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებამ, მათ, პირველ რიგში, აგრარულ ბაზრებში დასაქმება (ამის შესაძლებლობა არის ნავთლუღის აგრარულ ბაზარსა და მიმდებარე ბაზრებში) უნდა შესთავაზოს. ამასთან, იქ არსებულ სიტუაციასთან ადაპტირების მიზნით, კარგი იქნება თუ 4-6 თვის განმავლობაში ისინი განთავისუფლდებიან ყოველგვარი გადასახადისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ უკანონო გარე მოვაჭრეთა გარკვეულ ნაწილს ბაზრებთან კონტაქტი დღემდე შენარჩუნებული აქვთ, ვფიქრობთ, ეს, მათი დასაქმებისათვის საინტერესო წინადადება იქნება;

7. არ არის გამორიცხული, რომ უკანონო გარე მოვაჭრეთა გარკვეულ ნაწილს ქუჩებში სპეციალური დახურული ჯიხურების განთავსების სურვილი გაუჩნდეთ, მათ, რაიონულ გამგეობებთან შეთანხმებით, ამის უფლება უნდა მიეცეთ; 8. იმ უკანონო გარე მოვაჭრეებს, რომელთაც სურთ ახალი და კანონიერი ბიზნესის დაწყება კომერციულ ბანკებთან ან სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან უნდა გაეწიოთ შუამდგომლობა დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი (არანაკლებ 5 წლისა) სესხის მისაღებად;

9. ხელისუფლება ყველა შესაძლო ფორმით (მომზადება-გადამზადების პროცესის დაფინანსება, რეკომენდაცია სამსახურში მოსაწყობად და სხვ.) უნდა დაეხმაროს იმ უკანონო გარე მოვაჭრეებს, რომელთაც გააჩნიათ უმაღლესი ან პროფესიული განათლება და სურთ გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება;

10. ქალაქის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ წლების განმავლობაში, თბილისში, მათ შორის ნავთლუღის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარე ვაჭრობის აღკვეთის არაერთი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები სისტემური მიდგომის გარეშე ხორციელდებოდა (წინათ ამ პრობლემის გადაწყვეტის ეფექტიან მიმართულებად, თანაც ეპიზოდურად, მხოლოდ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება მიიჩნეოდა, ამასთან, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ბოლომდე არ ცდილობდა პრობლემის დაძლევას). ძველი შეცდომები რომ არ განმეორდეს, აუცილებელია, ხელისუფლებამ კარგად გააცნობიეროს სურს თუ არა და მზად არის თუ არა ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაწყვეტად. ამის შემდეგ უკანონო გარე მოვაჭრეებთან ზემოაღნიშნული მიმართულებებით ინტენსიური დიალოგის საფუძველზე უნდა გამოიკვეთოს მათი (უკანონო გარე მოვაჭრეთა) ის რაოდენობა, რომელიც თანახმაა ხელისუფლების შეთავაზებაზე კანონიერად დასაქმდეს ბაზარში ან მიიღოს სხვა წინადადება. თუ უკანონო გარე მოვაჭრეთა ნაწილი არ დათანხმდება ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს, მათ მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ღონისძიებანი;

11. უკანონო გარე მოვაჭრეთა ბაზრებში ან სხვა ფორმით დასაქმების შემდეგ, კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს უკანონო გარე ვაჭრობის თუნდაც ერთეული შემთხვევების დაშვება, თუ ასე არ მოხდება, მაშინ ყველაფერი თავიდან დასაწყები გახდება.

ლიტერატურა:

1. საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ქუთაისი, 5 თებერვალი 2014წ., 1958- II-ს.

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, თბილისი, 1984 წლის დეკემბერი (11102011 წ.№ 5097 ცვლილება).

3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-89, 2014 წლის 30 დეკემბერი.

4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №71, 2015 წლის 30 იანვარი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ. დანართი: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის წესის შესახებ).

5. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს დადგენილება №8, 2011 წლის 10 თებერვალი (თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დადგენის შესახებ).